როგორც მორიელის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდა მათი ზნე და ქცევები და მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებული, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მან ისაუბრა საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე.
„კომისია ყველანაირ ინფორმაციას მოიძიებს, ყველა იმ პირს გამოჰკითხავს, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს და აქვს ინფორმაცია იმ ქმედებებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც 2003-2012 წლებში ვითარდებოდა.
ის სისტემური დანაშაულები, რომელიც სხვათა შორის, დამტკიცებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ის დანაშაულები თავისთავად გულისხმობს ადამიანების ღირსების შელახვას სისტემურად – ადამიანების სიცოცხლის მოსპობას, მკვლელობებს პირდაპირ ქუჩაში და სისხლის მდინარეებს, რომელიც ამ ადამიანებმა მოაწყვეს; მათ შორის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ სტრატეგიული ობიექტების უცხო ქვეყნისთვის, რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას და ერთ-ერთ უდიდეს დანაშაულს, რომელიც ამ ძალას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე, ეს არის 2008 წლის ომი და შემდგომ მიმდინარე მოვლენები. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა ჩავარდნილიყო იმ უდიდეს განსაცდელში, რომელიც 2008 წელს დატრიალდა და ახლა მიმდინარეობს ზუსტად უკრაინაში. ახლაც სურთ ამ ადამიანებს, რომ საქართველომ უკრაინის ბედი განიცადოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ყველა დეტალი იყოს ნაჩვენები“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც 2008 წლის მოვლენები არ იციან. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ძალასთან აქვს საქმე.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.