შარშან 2024 წლის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ ამ სიტყვებით იქნა აღწერილი, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს, რომელიც იყო ჩადენილი, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრების წინააღმდეგ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თუ დანაშაული არის სისტემური და არა გადაცდომით, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ მთელი სისტემა იყო შექმნილი, მთელი სისტემა იყო ჩართული და შესაბამისად სისტემურად უნდა იყოს გამოძიებული ასეთი დანაშაული. ფაქტობრივად, დავალება მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„მშვიდობიანი მოსახლეობა კოდორის ხეობაში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ახალგორში, ფრონეს ხეობაში იყო მიტოვებული აბსოლუტურად უყურადღებოდ და უპატრონოდ ხელისუფლების მიერ. ხელისუფლებამ არა თუ არაფერი გააკეთა მათ გამოსაყვანად იმ ტერიტორიებიდან, სადაც ომი იყო, არამედ უფრო მეტიც, პირდაპირ ეუბნებოდნენ მოქალაქეებს, რომ ჩვენ ჯარი კი გაგვყავს აქედან, მაგრამ თქვენ არაფერი გემუქრებათ, თქვენ მშვიდად იყავით და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაახლოებით 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო მოკლული.
გამოსაძიებელია შემდეგი ფაქტიც, როდესაც ომის დამთავრებიდან ორ თვეში ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხუთმა წევრმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა შემდეგი, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.