საზოგადოებამ გუშინ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის მცდელობა სასამართლოებზე, თუმცა სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. ვნახეთ იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. თავად გაავრცელა „პარტიამ“, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა შორის სამი მათი წევრია. გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იმ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფალნი არიან პოლიტიკური გავლენებისგან და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის საფუძველზე იღებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დროსაც 0,1% იყო გამამართლებელი განაჩენები, დღეს უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუღებელია, დაუშალო ვინმეს კორპორატიული შეკრება ან რაიმე სხვა ღონისძიების ჩატარება. საზოგადოებამ გუშინ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლის მცდელობა სასამართლოებზე, თუმცა დღეს სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ეს აღიზიანებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს აქციები ემსახურება ერთადერთ მიზანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორმე თავისი გაიტანოს და ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ოღონდ ძალადობრივი გზით, რადგან არჩევნების გზით ხელისუფლებაში არ და ვერასდროს დაბრუნდებიან“, – განაცხადა ბოჟაძემ.