ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
კახა კალაძის თქმით, ეს იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება, რომ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს პასუხი შესაბამისად უნდა გაეცეთ.
„რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს. ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. არ ვიცი ეს ვისი დავალებით კეთდებოდა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა, ფაქტები სახეზეა – დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, მივიღეთ ლტოლვილები. ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.