„პარი სენ-ჟერმენში“ გადასული ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის გვერდმა სადებიუტო მატჩის შემდეგ მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული გრანდის ვარსკვლავი ერთდროულად ორ რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა – ერთი სპეციალისტებმა შეადგინეს, მეორე გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.
„პირველად კვარაცხელია“ – ასეთი ლაკონური პოსტი გამოაქვეყნა ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა, რომელმაც ქართველი შემტევი მისთვის ჩვეულ, მარცხენა შემტევის პოზიციაზე გაამწესა, ხოლო ფანების სიმბოლურ გუნდში ხვიჩა ცენტრალური თავდამსხმელია.
კვარაცხელიამ საფრანგეთში სადებიუტო შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენში“ „რეიმსთან“ (1:1) ჩაატარა და მეორე ნახევრის დასაწყისში ახალ გუნდში პირველად გაიბრწყინა: საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. მალე თავად ხვიჩა შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
პარიზელები მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ. მაგრამ ჯერ ხვიჩა საევროპო განაცხადში არაა და თამაშს გამოტოვებს.