3-4 თებერვალს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმი იმართება, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე ესწრება.
ფორუმზე განსახილველი საკითხებია: ტექნოლოგიები, ციფრული ვალუტა, კიბერუსაფრთხოება, უცხოური ინვესტიციები, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი თაობის ტელეკომუნიკაციები, ფინანსური ქსელები, სტრატეგიული მინერალები, საზღვაო კაბელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მათთან დაკავშირებული საფრთხეები.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის და ფილიპინების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარტინ რომუალდეზის მიწვევით მონაწილეობს.
საპარლამენტო ღონისძიების პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ფორუმი ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.