ბრიუსელის ცენტრში, მეტროს სადგურთან სროლის შემდეგ პოლიცია შეიარაღებულ პირებს ეძებს.
„ბიბისი“ წერს, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, სულ მცირე, ორი პირი, რომლებსაც სახე დაფარული აქვთ და შეიარაღებულები არიან. ვიდეოში ჩანს, რომ ისინი ბელგიის დედაქალაქში მდებარე კლემანსოს მეტროს სადგურის შესასვლელთან იმყოფებიან
ბრიუსელის პოლიციის პრესსპიკერმა, სარა ფრედერიქსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები სროლის შემდეგ მეტროს სადგურისკენ გაიქცნენ და შესაძლოა, კვლავ მეტროს გვირაბებში იმყოფებიან. პრესსპიკერის თქმით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სარა ფრედერიქსის თქმით, პოლიცია ეძებს „მცირე ჯგუფს, სავარაუდოდ, ორ ან სამ პირს“.
სამძებრო ოპერაციის კოორდინაციის მიზნით სამეთაურო პუნქტი ბელგიის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე, ანდერლეხტის მერიაში მოეწყო.
BruxellesToday-ის ცნობით, ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ჰქონდათ.
კლემანსოს სადგური დაკეტილია, ისევე როგორც ახლომდებარე ბრიუსელის სამხრეთის სადგური, რომელიც ასევე Eurostar-ის მატარებლების ტერმინალადაც გამოიყენება.
ბრიუსელის ცენტრში ორი მეტროს ხაზზე მოძრაობა ასევე შეჩერებულია. შეფერხებული იყო ტრამვაის გადაადგილებაც. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.
ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენები შესაძლოა, ნარკოტიკების გადაზიდვას უკავშირდებოდეს.