საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარას ტელეფონით ესაუბრა და საფრანგეთში მიიწვია.
სირიის მედიის თანახმად, მაკრონმა ალ-შარას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება და ქვეყნის ასადის რეჟიმისგან გათავისუფლება მიულოცა და სრული მხარდაჭერა გამოხატა სირიაში გარდამავალი პერიოდის მიმართ.
როგორც სირიის მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა თავისი ქვეყნის ძალისხმევაზე სირიის მიმართ დაკისრებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. სირიული მედიის თანახმად, მაკრონმა და ალ-შარამ ასევე განიხილეს სირიაში უსაფრთხოების გამოწვევები და ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთად მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, სირიის ლიდერმა აღნიშნა, რომ სირია იქნება რეგიონის და მსოფლიოს პოზიტიური, ეფექტური ნაწილი და გაიზიარებს მისი პარტნიორების უსაფრთხოების პრობლემებს.
პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონმა ისაუბრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზეც, სირიელი ხალხის სასარგებლოდ და საფრანგეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მაკრონმა აღნიშნა საფრანგეთის მხარდაჭერა „სირიის დემოკრატიული ძალებისადმი“ და სირიის ლიდერს მოუწოდა მათი სრული ინტეგრაციისკენ სირიის გარდამავალ პროცესში.
„სირიის დემოკრატიული ძალები“ ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედი ჯგუფია, რომელიც ძირითადად ქურთული ძალებით არის დაკომპლექტებული.