სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებების ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული „ბიზნესპრესნიუსს“ სეს-შიც დაუდასტურეს.
საქმე ეხება, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას.
როგორც სეს-ის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სეს–ს შეატყობინა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ შპს იფქლის კუთვნილ საწარმოში დააფიქსირა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად.
აღნიშნული კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, კომპანიას გამოსასწორებლად მიეცა გონივრული ვადა. მანამდე კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.