“2012 წლამდე არსებულ პროცესებს, იქ ჩადენილ დანაშაულებს, ტერიტორიების დაკარგვას, ახალგაზრდათა ჩახოცვას ქუჩაში, მედიაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი საჯარო იქნება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო სტრუქტურა მუშაობას მალე დაიწყებს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თაობაზე. რეგლამენტის მიხედვით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ევალება კვოტების განსაზღვრა, რომელზეც გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ. 10 წევრისგან შემდგარი კვოტა განისაზღვრა, სადაც 5 ადგილი ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, 2 იქნება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, 1 იქნება „ევროსოციალისტებისთვის“ და ორი ადგილი იქნება ვაკანტური, რომელიც შეივსება მას შემდეგ, რაც უფრაქციო დეპუტატები, ანუ გახარიას პარტია, თუკი გაამართლებს საკუთარი ამომრჩევლის ნდობას და შემოვა პარლამენტში, ბუნებრივია აითვისებს ამ ადგილს. 2 ადგილი – „ხალხის ძალა“, 1 – „ევროსოციალისტები“ და 2 ადგილი იქნება დარჩენილი ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც გახარიას პარტიას ექნება. ეს საგამოძიებო სტრუქტურა მალევე დაიწყებს მუშაობას, იქნება გამჭვირვალე პროცესი.
2012 წლამდე არსებულ პროცესებს, იქ ჩადენილ დანაშაულებს, ტერიტორიების დაკარგვას, ახალგაზრდათა ჩახოცვას ქუჩაში, მედიაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი საჯარო იქნება, არავისთვის დამალული. ვინც არ ითანამშრომლებს, კონკრეტული ჩანაწერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება მათ მიმართ. მაგალითის სახით, სულ ახლახან მოხდა პოლონეთში ასეთი შემთხვევა, სადაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა არ ითანამშრომლა საპარლამენტო საგამოძიებო სტრუქტურასთან და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იგივე მოელით ყველას, ვინც საგამოძიებო საპარლამენტო სტრუქტურასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.