მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში პროკურორების ვეტინგის პროცესი კვლავ დაყოვნდა USAID-ის დაფინანსების შეჩერების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ახლა ხელისუფლება ცდილობს, იუსტიციის რეფორმის ხარჯების ანაზღაურება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებით უზრუნველყოს.
სანდუს განმარტებით, პროკურორების ვეტინგი USAID-ის დაფინანსებით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად ეს ფინანსური წყარო შეჩერებულია.
„ჯერ არ ვიცით, აღდგება თუ არა ეს დაფინანსება, მაგრამ ვცდილობთ, ხარჯები ევროკავშირის სახსრებით დავფაროთ. ცხადია, კიდევ ერთი პაუზის აღება მოგვიწევს. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუ 2024 წლის ბოლომდე ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომელთა შეფასების დასრულება მოხერხდებოდა, როგორც დაგეგმილი იყო. ეს საშუალებას მოგვცემდა, გვქონოდა სტაბილური ინსტიტუტი, სადაც თანამშრომლებს ეცოდინებოდათ, რა ელით და შეძლებდნენ მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირებას“, – აღნიშნა სანდუმ.