საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გიგანტურ სლალომში ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს ორი დაშვების შედეგად გიგანტურ სლალომში ქართველმა სამთო მოთხილამურეებმა ირაკლი ხერგიანმა – 43-ე, გიორგი ჯაფარიძემ – 54-ე, იასონ ვეზდენმა – 55-ე, გოგა გულედანმა – 59-ე შედეგი აჩვენეს.
სპორტის მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
დღეს ფესტივალზე 12,5კმ ინდივიდუალურ რბენაში იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდის წევრმა, ბიათლონისტმა შიო ქუჩუკიანმა, რომელმაც ასპარეზობა 64-ე ადგილზე დაასრულა.
11 თებერვალს გიგანტურ სლალომში ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო იასპარეზებენ.
,,ბაკურიან 2025”-ის შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში რვა სპორტის სახეობაში იმართება. ფესტივალში მონაწილეობას ევროპის 45 ქვეყნიდან ჩამოსული 1 000-ამდე სპორტსმენი იღებს.