15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა.
სარჯველაძემ სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია, ამ მიზნით გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი ესწრებოდნენ.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.