„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა DW-თან ინტერვიუში უარყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებები იმის თაობაზე, რომ დემოკრატია ევროპაში უკუსვლას განიცდის და აღნიშნა, რომ ამერიკელები გერმანიის არჩევნებში ღიად ერევიან.
მერცმა ჯეი დი ვენსთან მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პარასკევს, 14 თებერვალს გამართა.
„ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და ამერიკელები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ [ევროპის] დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ღიად ერევიან არჩევნებში“, – განაცხადა მერცმა.
მერცი გამოეხმაურა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას „არ ააშენონ ბრანდმაუერები“ და „არ შეუშინდნენ მომავალს“. სიტყვა „ბრანდმაუერი“ (პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლამრიდი კედელი) გერმანიაში ყველა პარტიის მხრიდან ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლობაზე უარს ნიშნავს.
ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ეს პრინციპი გერმანიაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კენჭისყრის დროს, 29 იანვარს დაირღვა. რეზოლუციას, რომელიც მერცის მიერ იყო წარმოდგენილი, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში 23 თებერვალს გაიმართება.