ყოფილი მოსამართლე და პატიმარ სააკაშვილის ადვოკატი დავით ჯუღელი, რომელიც ზეწოლაზე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაშიც იყო. „ქრონიკასთან“ ინფორმაციას თავად დავით ჯუღელიც ადასტურებს.
კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში და ამის გამო ესწრებოდა თუ არა შეკრებებს, ჯუღელი ამბობს, რომ შეკრებებს არა მხოლოდ ამ მიზნით ესწრებოდა.
„საარჩევნო სიაში ვიყავი. არა მხოლოდ ამ მიზნით [საარჩევნო სიაში ყოფნის გამო], ჩემი მეგობარია სოფო ჯაფარიძე“, – აღნიშნა ჯუღელმა.
„კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც 10 წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია.
ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური მედიის შეუცვლელი რესპონდენტი გახდა. ის საქმეზე მუშაობიდან 10 წლის შემდეგ ამბობს, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.