18 თებერვლიდან დაიწყება ჩემი ფილმების ჩვენება „იმედზე“, ყოველდღე, შვიდი ფილმი იქნება ნაჩვენები. იწყება „დემოკრატიის შუქურით“. მე მინდა შევთავაზო აქციის მონაწილეებს, ევროპული გზას რომ იცავენ, გვარამიას გატკეპნილ ევროპულ გზას და მიშა სააკაშვილის, ლიაკა ხოშტარიას რუბლებით მოფენილ გზას, გახარია თვალთხარიასი და ა.შ. მე იქ მივალ მათთან მოედანზე და გავუშვებ ამ ფილმებს იქ და დავდგები ტრიბუნასთან თუ უნდა და მკითხონ და მე მიპასუხონ, კითხვებზე პასუხები გამცენ, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამის ჩამდენებს, ვინც ეს ჩაიდინა, რასაც ისინი ნახავენ ფილმში „დილეგი“, რასაც ისინი ნახავენ ფილმში „ალქაჯებზე ნადირობა“, „გირგვლიანის საქმეში“, „შავაძის საქმეში“, „თეთრაძის საქმეში“, „დემოკრატიის შუქურაში“, გამცენ ამაზე პასუხი, ამათთან ერთად მიდიან ევროპაში? ეს არის ევროპის გზა? ეს ხომ თვითონაც იციან, რომ ტყუილია.
და ყველაზე მეტად მინდა, რომ სტუდენტებმა ნახონ ლუკა ათანელის, 18 -19 წლის ბიჭის ისტორია, ფილმი „ლუკა ათანელის საქმე“ და მერე გაგვცენ პასუხი ვის იცავენ, ვისთან ერთად დგანან. ეს დიდი ტყუილია, რომ არ ახსოვთ. როგორ არ ახსოვთ ცხრა წლის წინ იყო ეგ ამბავი, თუ არ ახსოვთ, თავის დედას და მამას ჰკითხონ, თუ არა და ნახონ ინტერნეტში, დევს „დილეგი“.
სინდისის პატიმარი მერაბ კოსტავა იყო. 168 დღე კარცერში შიმშილობდა, ჩემი ტანის კაცი იყო, 48 კილო გამოვიდა იქიდან, 11 წელი იჯდა. ეგ იყო სინდისის პატიმარი“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.