ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ City Cancer Challenge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 2025-2026 წლებში განხორციელდება პროექტები კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და თითოეული პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და City Cancer Challenge-ის ევროპის რეგიონის დირექტორმა, სოფი ბუსმანმა მოაწერეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობით, ონკოლოგიური დაავადების მქონე თითოეული პაციენტისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
ჯანდაცვის სამინისტრო და City Cancer Challenge ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ახორციელებენ. მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა.
მხარეებმა ერთთანამშრომლობის დოკუმენტით გათვალისწინებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ონკოლოგიური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა და მის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებები. ისაუბრეს ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტთა ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის წარმომადგენლები.