რუსეთ-საქართველოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო აღნიშნული მუხლი, როგორც ჩანს, ისინი წინასწარ გეგმავდნენ იმ ღალატს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც უღალატებს საკუთარ ხალხს, დაუსჯელი არ დარჩება.
„საზოგადოებისგან არაერთხელ იყო მოთხოვნა და, ბუნებრივია, რომ ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, აქაც არსებობდეს ასეთი მუხლი. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში ამ მუხლის დაბრუნებას სისხლის სამართლის კოდექსში საიმისოდ, რომ ყველამ იცოდეს, ვინც აპირებს, უღალატოს საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, დაუსჯელი ვერ დარჩება. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ოპოზიციისთვის, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მოსაწონი. ჩვენ ხომ სახელმწიფოს ღალატზე, სამშობლოს ღალატზე ვსაუბრობთ და არა კონკრეტულ სხვა ქმედებაზე. მათთვის თუ საქართველო არ არის ძვირფასი, გასაგებია კრიტიკა. ბევრგან გაცილებით მკაცრია ასეთი კანონმდებლობა და ჩვენთანაც იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო მანამდე. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ დაბრუნდეს იმავე ფორმულირებით, რაც იყო მანამდე, თუმცა შეიძლება, განხილვების დროს კიდევ უფრო დაკონკრეტდეს. საუბარი არის, რომ კონკრეტული ქმედებები შეფასდეს, როგორც სამშობლოს ღალატი. არვიცი, რატომ შეეშინდა ოპოზიციას და საკუთარ თავზე რატომ მიიღეს, ეტყობა, ძველი გამოცდილება აწუხებთ. დაველოდოთ განხილვებს და შესაბამისი ფორმულირება დამატებით კიდევ გვეცოდინება“, – განაცხადა ბოჟაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი.