“ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორედ გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის დამაიმედებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომები და ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო იმაში, რომ საქართველომ უკრაინიზაცია აიცილა თავიდან ქვეყნის ხელისუფლების გონივრულ პოლიტიკასთან ერთად, „ხალხის ძალის“ დიდი დამსახურებაა.
„დღეს აქ ჩემი პირველი გამოსვლაა ოპოზიციიდან, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში. ჩვენ ოპოზიციაში ვართ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ კრიტიკა სჭირდება და ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი ოპონირება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროც ხდება და ზოგჯერ აუცილებელიც. დრომ გვიჩვენა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორედ გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა.
ამ ბრძოლაში საქართველოს მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარებს არ წამოგებოდა ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან ნატოს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების და მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ ამ ცრუ დაპირებებს უკრაინა წამოაგეს. მიუხედავად სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობა მონაწილეობისა, ვერც ევროკავშირისა და ვერც ნატოს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარება კი დღეს უკვე ვალად დაუთვალეს და ომში გასაწვევთა ასაკის 18 წლამდე დაწევა მოსთხოვეს. დაკარგეს ტერიტორიები და ხალხი. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
რისკების თავიდან აცილება, მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა „ხალხის ძალა“. იმ დროისათვის შეურაცხყოფის ნიაღვარმა გადაიარა ჩვენს თავზე. საზოგადოებას ყური მოსჭრა ჩვენმა ნათქვამმა. ზოგი უმრავლესობის რიგებიდანაც კი გვემიჯნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, რომ არა „ქართული ოცნების“ თანმხვედრი გონივრული პოლიტიკა, გამოუსწორებელ ზიანს ვერ აიცილებდა ვერც ქვეყანა და ვერც საზოგადოება.
არ შემიძლია არ გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში და მისი პრინციპული პოზიცია, ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ. მაშინდელ სიმართლეს უფრო მეტი ფასი აქვს და დასტურიც – დღეს, იმავეს უკვე იმ ქვეყნის ახალი ლიდერები საუბრობენ, საიდანაც მაშინ საფრთხის სათავე იყო. ჩვენ მიერ გამოაშკარავებულ „გლობალურ ომის პარტიას“ ამერიკის პრეზიდენტმა „დიფ სთეითი“ უწოდა და მას პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა. ჩვენი არაერთგზის მხილებული USAID-ისა და NED-ის საქმიანობა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იგივე ბრალდებით შეაჩერა და მას კრიმინალებისა და შეშლილი რადიკალების ბუდე უწოდა. სწორედ ამის დამალვა სურდათ “დაუძინებელ მეგობრებს” და უხვად აფინანსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რუსულად მონათვლას, თბილისის შუაგულში არეულობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვას.
მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, საზოგადოების ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინა გამჭვირვალობა და წაუკითხავად წაიღო ჩვენი წერილი. ევროკავშირის მიმართ გამოთქმული ჩვენი არაერთი საფუძვლიანი პროტესტი, პრორუსულად ფასდებოდა. არც ომის ობიექტურ შეფასებას დასჭირდა ბევრი დრო და სულ ახლა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს და ბრიუსელი ხშირად ცდილობს, რომ სხვა ქვეყნებში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს, თუ არადა, იმუქრებიან მისი გაუქმებით, რაც დაუშვებელია. იმაზე უკეთესი რისი მოლოდინი შეიძლება გვქონოდა, რომ რასაც ჩვენ ვსაუბრობდით აქ ახლა, თავად საუბრობენ იქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც მხოლოდ თავდასხმის ნიაღვარი მოედინებოდა და თანაც ყოველდღე.
ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირს ემსგავსება, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ თავად ევროპისთვისაც. ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსათვის ნაციონალური მოძრაობა. მათ, არცერთს, დემოკრატიასთან საერთო არაფერი არ აქვთ, თუმცა საბედნიეროდ, ორივე ყოველდღე სუსტდება და გავლენებს კარგავს, თანაც კარგავენ აგენტურასაც. ასე დასრულდა სალომე ზურაბიშვილიც. კიდევ კარგი, რომ ამჯერად მაინც “ქართულმა ოცნებამ” სწორად შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით, რომელიც უალტერნატივოდ „ხალხის ძალაში“ მოიძებნა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სიმართლის თქმა ხმამაღლა შეძლო. ჩვენი გუნდი სიმართლის დადგენაში დაეხმარება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც, სიახლეც ბევრი იქნება და აქამდე დამალული სიმართლეც, რასაც საზოგადოება თავად ნახავს.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.