უცხოეთიდან საქართველოში ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანია შემოჩვეული და თავის სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ზის ხელფასზე და მისი დავალებაა, გრძელ-გრძელი ასეთი ტქსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩევლის, ტერე ჰელანდის განცხადებების შეფასებისას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ასეთი ქცევა რომ ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც აშშ-ს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს. ზოგიერთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი სერიოზული საქმეები არ უნდა იყოს. ბევრი ასეთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსია შემოჩვეული საქართველოს. მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმა, არაკომპეტენტური აზრი არ მოგვახსენონ სხვადასხვა განცხადების სახით. არამკითხე მოამბეებივით ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათი საზოგადოების ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.