USAID-ი და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მცდარი სურათის შექმნას ცდილობდა, რომ ლიბერალიზმს ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია, უკვე არავის აღარ სჭირდებოდა, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პასუხად კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა USAID-ის საკითხი ნომერ პირველი თემა აშშ-ში.
„ეს არ იყო საკითხი, რომელიც მყისიერად მხოლოდ კორუფციის ან არასათანადოდ განხორციელებული პროგრამების გამო მოხდა. მთლიანი პარადიგმა იცვლება – ვენსი, ტრამპი და მათი გარემოცვაც, მათ ძალიან კარგად იციან რა მსოფლიოსთან მივდივართ. მაგიდის ირგვლივ სხედან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ომი ბრუნდება, როგორც ინსტრუმენტი და თუ ომი ბრუნდება, როგორც ინსტრუმენტი, მაშინ შენ აუცილებლად გჭირდება სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გამაერთიანებელი იდეები ჰქონდეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოების მობილიზება და შეკვრა შეიძლება. USAID-ი და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მცდარი სურათის შექმნას ემსახურებოდა და მცდარი იყო სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერალიზმს შეუძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ომის გარეშე, და ის ამ ფილოსოფიის კულტივატორი იყო, ეს ინსტრუმენტი უკვე არავის აღარ სჭირდებოდა“, – განაცხადა კაკულიამ.
კაკულიას თქმით, USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც უნდა ქვეყნის იდეოლოგიური უპირატესობის სახე შეექმნა და დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს.
„სანამ გადანაწილება არ მოხდება ომი ბრუნდება, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოლიტიკის გარკვევის. ეს ცუდი მოსასმენია, ადამიანებს არ მოეწონებათ ეს იმიტომ, რომ ყველას ლამაზი ტყუილი ურჩევნია სიმართლეს და ჩვენ ყველა ასეთები ვართ, მეც და ალბათ ბევრი ადამიანი, მაგრამ ახლა ეგ არის გასათვალისწინებელი. რუსეთმა რაც იცის, და მის პრეზიდენტს ეს ხშირად უთქვამს, არის ის, რომ – მისი ნდობა დასავლეთის მიმართ არის ნული, უბრალოდ ნული, მთელი ამ წარსული 30 წლის განმავლობაში, რაც მათ ისწავლეს არის ის, რომ დასავლეთის ნდობა არ შეიძლება. ეს არის მათი მთავარი, ერთ-ერთი ფარული მოტივატორი, რომლის მიხედვითაც ესენი გადაწყვეტენ ბევრ რამეს. როგორც არ უნდა გადაწყდეს ახლა კიევთან დაკავშირებული თემები, როგორც არ უნდა ჩაერთოს ევროპა, ერთი რამე იქნება ამოსავალი წერტილი – რუსებმა უბრალოდ იციან, რომ ამათი ნდობა არ შეიძლება იმიტომ, რომ რამდენიმეჯერ დარწმუნდნენ ამაში“, – განაცხადა კაკულიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეკავების პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი მსოფლმხედველობა არის ის რომ, უნდა შეძლო და გათვალო არა ის, თუ ვინ არის შენი კონკურენტი, არამედ ის თუ ვინ შეიძლება გახდეს ის 20-30 წლის შემდეგ.
„ამის ეშინია სწორედ ევროპას. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლება დღეს რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსები, რომ ახლა ხვალვე გადავიდეს შეტევაზე პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში და ასე შემდეგ, მაგრამ შეკავების პოლიტიკა თუ შემოვიდა ძალაში და ე.წ. რეალური პოლიტიკა, რომელზეც ბევრი საუბრობს დღეს, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ყოველთვის გაითვალისწინებს მომავალში, რომ რაც შეიძლება გააძლიეროს თავის შესაძლებლობები“, – აღნიშნა კაკულიამ.