LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, კახა კალაძის უფროსი შვილი ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. მისი კონტრაქტის ხანგრძლივობა 2-წლიანია.
15 წლის კალაძე იმერულ კლუბთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, ახლა კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.
შეგახსენებთ, რომ თავისი წარმატებული კარიერა კახა კალაძემაც სამტრედიაში დაიწყო, რის შემდეგაც დინამო თბილისში გადავიდა. ლეგენდარულ მილანში მან ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა. მამის მსგავსად, ლევან კალაძეც 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ისიც მცველის ფუნქციებს მოირგებს.
მოგეხსენებათ, სამტრედია ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს, ამჟამად კი თურქულ შეკრებაზეა, სადაც ლევან კალაძეც იმყოფება და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
“ბავშვობიდან მინდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ამ ოცნების ასახდენად ბევრი შრომა დამჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ სამტრედიას ფეხბურთელი გავხდი და პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. სამტრედია ძალიან მიყვარს და მინდა ეს ქალაქი ვასახელო.
ჩემი მთავარი მოტივატორი მამაა. მან დამანახა, როგორ შეიძლება შრომით წარმატების მიღწევა. იმედი მაქვს, მას ვაჯობებ და უკეთესი ფეხბურთელი ვიქნები. ჩემთვის კომფორტულია, რომ მეც მამაჩემის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან მაგალითს მისგან ვიღებ, ბევრ რამეს მასწავლის და მეხმარება.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე”, – განაცხადა კალაძემ ჩვენთან საუბარში.