დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები ამჯერად, სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 35 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.
„დღეს 35 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი. მინდა, მივულოცო მათ და პირველ რიგში, ჯანმრთელობა და სიხარული ვუსურვო. ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებოდნენ დღევანდელ დღეს. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და 3 300-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. პროგრამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა ადამიანი, რომელიც ამავე პრობლემის წინაშე დგას, არ იქნება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, დაგაკვალიანებენ, თუ რა დოკუმენტებია წარსადგენი, რათა შემდგომში მოხდეს იმ ფართების დაკანონება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობთ. ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული, რაც ძალიან მიხარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ესწრებოდნენ.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.