საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგასთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.
“ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუმინეთის მთავრობას აღნიშნულ არალეგიტიმურ და საშიშროების შემცველ ქმედებებზე რეაგირებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. ვისაუბრეთ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.