რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივებზე, ურთიერთობებზე განცხადების კეთება? პოლიტიკაზე განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ელჩის ფუნქციაა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი და არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
„მოდი, პირველ რიგში დავსვათ კითხვა, ელჩი საერთოდ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს თუ არა კომენტარს?! რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე განცხადების კეთება? პოლიტიკაზე განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები. ამ სამი კატეგორიიდან რომელს წარმოადგენს ელჩი? რამდენადაც ვიცით – არცერთს.
ელჩის ფუნქცია არის, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი. შიდა საქმეებში ჩარევა იქნება ეს, თუ პოლიტიკური აქტივობა, ეს უნდა მივანდოთ პოლიტიკურ პარტიებს და რაც მთავარია მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ზოგიერთი ელჩი მათ შორის, ქართველი ხალხის სახელითაც საუბრობს და გვესაუბრება ისე, თითქოს მათ უკეთ იციან რა არის ქართველი ხალხისთვის საუკეთესო გამოვლინება, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი ელჩი თავს აძლევს უფლებას, რომ კონკრეტულად მაგალითად, მამუკა ხაზარაძისგან, ერთ-ერთი რიგითი „ნაცისგან“ იქირაოს კონკრეტული ფართი და თანხა გადაიხადოს ამ ყველაფერში, თავს უფლებას აძლევს, რომ იაროს სხვადასხვა რეგიონში და ისაუბროს.
ელჩები გადიან პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობებიდან, როდესაც თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ შიდა საქმეებში, თან როგორც კონკრეტული მხარის წარმომადგენლები, ან მხარის სასარგებლო განცხადებები აკეთონ. ეს არ არის ელჩის ფუნქცია“,- აღნიშნა გორდულაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ იმავენაირად საქართველოს ელჩი ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში რომ მოიქცეს ისე, როგორც სხვა ელჩები იქცევიან საქართველოში, ამას მოჰყვებოდა კრიტიკა.
“ერთი წამით, რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს ელჩი რომელიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში გამოდიოდეს აქციაზე, ან განცხადებებს აკეთებდეს რომელიმე ე.წ. ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ, ან ხალხს ასწავლიდეს ჭკუას რომელი არის სწორი გადაწყვეტილება და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა, რა რეაქცია ექნებოდა ასეთი ქვეყნის ხელისუფალს და ქვეყნის მოსახლეობას?! რა თქმა უნდა, იქნებოდა ზეკრიტიკული და პირდაპირ მიგვითითებდნენ, რომ ასეთი რამე დაუშვებელია, ირღვევა ყველანაირი ურთიერთობა, იქნება ეს გაეროს წესდება, თუ ვენის კონვენცია და ამაზე ყველა აღიმაღლებდა ხმას. ეს ყველაფერი თუ წარმოუდგენელია მოხდეს ევროპის ქვეყნებში, სამწუხაროდ, ჩვენ შემოგვაჩვიეს, რომ თითქოს ეს არის ნორმა საქართველოში.
ერთი რამე უნდა გაითავისოს ყველამ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და როგორც ღირსეულ ქართველ ხალხს შეშვენის ისეთ პასუხებს ვაძლევთ ხოლმე ყოველთვის, რომ თუ რაიმე არის მიუღებელი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, თუ სხვანაირად გამორჩეული, ან რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანებული ქვეყანა, ჩვენ რომ არ ვართ მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს სტატუსი და ჩვენ გვაქვს რაც მთავარია ღირსება, კულტურა და ისტორია, ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, სუვერენული ქვეყნის ფაქტორიდან გამომდინარე, არც ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ისეთი დარღვევები, რომლებიც მათ ქვეყნებში იქნებოდა დარღვევა“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რაც ხდებოდა, იმ აქტივობამ რომ ვერ გამოიღო შედეგი ამიტომ გახდა საჭირო ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა.