თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა საუბრისას მხარი დაუჭირა ტრამპის გადამწყვეტ და პირდაპირ ინიციატივებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ომის დაწყებიდანვე ესწრაფვის სამართლიან და მყარ მშვიდობას და მომავალშიც გააგრძელებს ამას.
თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების საუბრის თემებს შორის იყო სირიის მდგომარეობა, რაზეც ერდოღანმა მოითხოვა ქვეყნისთვის სანქციების მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანსა და ტრამპს შორის მანამდე სატელეფონო საუბარი ნოემბრის თვეში გაიმართა, რა დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.