აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, ათასობით დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან, აქამდე გასაიდუმლოებული იყო.
ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებული იყო, მათ შორის 13 000 დოკუმენტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საჯარო გახდა, თუმცა, ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი რედაქტირებული იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტების საერთო რაოდენობა „დაახლოებით 80 000 გვერდია“.
იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ჯონ კენედის, რობერტ კენედის, ასევე მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს დაახლოებით 2 400 ახალი ჩანაწერი, რომლებიც ჯონ კენედის მკვლელობასთან არის დაკავშირებული.