„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.
კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“ არის საქართველოს მტერი და როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, ამაყი უნდა იყო.
„როდესაც უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია. მათი მთავარი სურვილი იყო სასამართლოს ხელში ჩაგდება, რაც უკრაინაში მოახერხეს, რაც რუმინეთში მოახერხეს. მოგწონთ ის, რაც რუმინეთში მოხდა? საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩახსნა და არჩევნები გააუქმა. ამას საფუძვლად დაუდეს ის რომ, ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალურ მედიაში უფრო იაქტიურა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია. როდესაც მსგავსი სიმახინჯე გებრძვის, პირიქით ამაყი უნდა იყო.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“. მათ შორის, ჯიმ რიშიც მათი წარმომადგენელია. „დიფ სთეითს“ დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული. ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი დაპირებაა, რომ „დიფ სთეითს“ დაამარცხებს. ჩვენ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით მოვლენებს. ტრამპს ორი პრიორიტეტი ჰქონდა. პირველი – უკრაინაში ომის დასრულება. ეს პროცესები მიმდინარეობს; მეორე – „დიფ სთეითის“ დამარცხება და ესეც მიმდინარე პროცესია. ჩვენ „დიფ სთეითის“ დამარცხებას საკუთარ თავზე ვიგრძნობთ. ურთიერთობები გადატვირთული და ნორმალიზებული გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.