საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს, რეჯინა დე დომინიჩის შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრტცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
„მათ შორის, საუბარი შეეხო 2026-2030 წლებში UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტის (CPD) შემუშავების პროცესს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.