საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, ცვლილებებით, საქართველოში ჩილიმ ბარები არ იკრძალება, მაგრამ თუკი დახურულ შენობაში მსგავსი რაღაც იქნება დატოვებული, მაშინ ჩილიმ ბარზე სპეციალური სალიცენზიო პირობები უნდა გაიცეს და გაიზომოს, იქ თამბაქო არის თუ არა.
პლენარულ სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მაღრაძემ ჩილიმ ბარებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩილიმ ბარში მუშტუკს არავინ ცვლის და მედიკოსეებმა დაადგინეს, რომ ეს შეიძლება „C ჰეპატიტის“ – „ჰეპატიტის“ გავრცელების ერთ-ერთი კარგი გზაც იყოს.
„გვინდა, ამ კანონით ნაკლები ხვრელები არ დავტოვოთ. ვინმეს გარანტია აქვს, რომ ჩილიმის შემადგენლობაში ნიკოტინი არ შეიძლება იყოს? – ისეთი რაღაცეების შემოწმებას ნუ მოგვთხოვთ, რისი შემოწმებაც დღეს კი არა, უახლოეს მომავალშიც საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. სხვათაშორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელმა კარგი რაღაც გვითხრა, რომ თუკი ქვეყნის კულტურაში ისეთი რაღაც არ არის დაკავშირებული მოწევასთან, არ არის აუცილებელი ამის პროვოცირება მოვახდინოთ. ჩილიმი ჩვენი კულტურისთვის ახალია. ისტორიულ ასპექტში ნუ გადავდივართ, მე-15 საუკუნეში ჩვენი მეფეები რას აკეთებდნენ. გარდა იმისა, რომ გაკონტროლება ძნელია ჩილიმი ნიკოტინს შეიცავს თუ არა და სხვებზე გავლენას ახდენს თუ არა. ჩვენთან ჩილიმ ბარები დიდი რაოდენობის არ არის და ეს დიდ უმუშევრობას არ გამოიწვევს. ჩილიმ ბარებს არ ვკრძალავთ, გარეთ გამოგვაქვს, მაგრამ თუკი დახურულ შენობაში მსგავს რაღაცას დატოვებ, მაშინ ჩილიმ ბარზე სპეციალური სალიცენზიო პირობები უნდა იყოს და გაიზომოს, იქ თამბაქო არის თუ არა. ეს რთულია და ჩვენ მარტივი გზით წავედით“, – განაცხადა მაღრაძემ.
იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებებს მეორე მოსმენით მიიღებს, დარჩენილი მხოლოდ მესამე მოსმენა – რედაქციული სახით განხილვის პროცედურა იქნება.
“ჩილიმ ბარში მუშტუკს არავინ ცვლის”
2017/05/03 18:56:17
კომენტარები
ნანახია: 1511 ჯერ