საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის ჟენევის მოლაპარაკების საკითხზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სამართლის და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესს და ხელისუფლება დგამს ყველა ნაბიჯს, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს.
“სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ამ განცხადებით ვხედავთ იგივეს, რომ რუსეთი დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართალს, ნორმებს და პრინციპებს. საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სამართლის და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესს. ჩვენი მონაწილეობაც ჟენევის პროცეში ემსახურება კონსტრუქციულ მიდგომებს და საერთაშორისო სამართლის და ნორმების შესაბამისად კონფლიქტის დარეგულირებას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 3 მაისს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა „მორიგი არაკონსენსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ“.
„დოკუმენტი თავისი მიკერძოებულობით განმაცვიფრებელია. მასში დეკლარირებულია არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არის მცდელობა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ამ რესპუბლიკებთან, რომლებიც ოდესღაც შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ამ რესპუბლიკების შიგნით არსებულ ვითარებაზე. თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო მოედნებზე ცრუ პროპაგანდას, რომლის ერთადერთი მიზანია მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები არ ჰქონდეს. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.