პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებულმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
გაჩეჩილაძე იხსენებს, როგორ სცემდნენ მათ, როგორ გაიტაცეს კობა დავითაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ სცემეს.
„რესპუბლიკელების“ ოფისში მივედით. იქ ვთქვით, რომ არ შეიძლება ასე ნაცემი იქიდან წამოსვლა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობს „იმედი“. დალეწეს კამერები და ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს, საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან. ყველას, ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა უცებ გაქრა ეს ხალხი. ისეთი იზოლაცია მოუწყვეს რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი ვინ სად წავიდა. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელების“ ოფისში მოვიდნენ ტელევიზიები. რაც შეგვეძლო ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, რომ გამოსულიყო და მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ.
უკვე გაბევრებული, დაახლოებით 5 ათას კაცამდე უკან წამოვედით და დავბრუნდით. რომ დავბრუნდით, შემოვედით, სხვათა შორის, მშვიდობიანად. აღარ გვეჩხუბნენ იმიტომ, რომ დაგვინახეს რომ ძალიან აღგზნებული ძირითადად, კაცების მასა მოვდიოდით, 5 დღის ნაშიმშილარი ხალხი, ასეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს გახსნეს და ისევ შეგვიშვეს იქ.
იქ მითხრა კობა დავითაშვილმა, რომ სულ დალეწილია აპარატურაო და წავალ ბაზარში და ახალს ვიყიდი თუ ნებას დამრთავო და წადი მეთქი კობა, მე ვუთხარი. იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ სცემეს, როცა ბაზრობაზე იყო და მართალი გითხრათ, აღარც დაბრუნებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უკვე ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტვინებდნენ გზას. ბევრი ხალხით მივაწექით და საბოლოო ჯამში რუსთაველიც გადავკეტეთ. ამ მიწოლის დროს მოხდა ისევ სერიოზული ჩხუბები და მეორეჯერ გავილახე ძალიან მაგრად. მერე დავინახე, ჩემი ძმაც თავში რკინა ჩარტყმული, როგორ მოსდიოდა სისხლი.
ფეხზე ვეღარ ვიდექი, თან 5 დღის ნაშიმშილარი ვიყავი და ამ ცემა-ტყეპის მერე, ფეხზე რომ ვეღარ ვიდექი, რამდენიმე ღვთისნიერმა ადამიანმა მომკიდა ხელი მე და ჩემს ძმას და წაგვიყვანა საავადმყოფოში, რომ ჩვენთვის ეშველათ. უკვე საავადმყოფოდან მე დავრეკე „იმედში“ და ალბათ ბოლო სტუმარი ვიყავი ვინც ჩამრთეს „იმედში“ და იქ ვთქვი, რომ ეს არის ისეთი სისასტიკე, რომელიც ცხოვრებაში მე არ მინახავს და ყველა უნდა მოვბილიზდეთ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დავამთავროთ მეთქი.“-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.