პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების რიგით მეოთხე კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გამოსვლისას შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში.
„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციას, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებს კონსერვატიული ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ჩვენი ქვეყნის მეგობართან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გახსნის და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
უნგრეთში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ორდღიანია და ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29-30 მაისს გაიმართება.