“სამარცხვინოა, როდესაც უცხოელი ქმნის კონცეფციას წარმოსახვითი ქართველი ხალხისა და მას აკომპლექტებს იმ ქართველი ხალხით, რომელიც მის გემოვნებაში შედის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ 26 მაისის მილოცვებს.
მისი თქმით, როცა ეს ქვეყნები ამბობენ ქართველ ხალხს, გულისხმობენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან ქუჩაში, სხვა დანარჩენი ქართველი ხალხი მათთვის არ არსებობს.
“2008 წლიდან, რუსეთის ხელისუფლება, როდესაც ულოცავს 9 მაისს, ულოცავს ქართველ ხალხს და არსად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას – აიგნორებს, არ იმჩნევს, იმიტომ, რომ შექმნილი აქვს საკუთარი წარმოსახვითი ხალხი, რომელსაც ის ესაუბრება. ხომ უნდა დაფიქრდნენ ევროპული ქვეყნები რას აკეთებენ და საით მიდიან?! ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები ხალხს ულოცავენ, ვის გულისხმობენ ქართველ ხალხში?! წარმოდგენილი ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან. თავისი წარმოსახვითი ქართველი ხალხი ჰყავთ, სხვა დანარჩენი ხალხი მათთვის არ ვარსებობთ?! ანუ, არსებობს წარმოსახვითი ხალხი, ვისაც ისინი ხედავენ 150, 200, 3 ათასი. ახლა ასე შევხედოთ, ვინ არის ეს ხალხი, 26 მაისს 3 ათასზე მეტი რომ ვერ გამოვიდა?! აქედან ხომ ყველა არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი. მათ უნდათ თქვან, რომ მათთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი გარემოცვის ამომრჩეველი?! ეს არის მათთვის ქართველი ხალხი?! ისინი ამ მილოცვებში გულისხმობენ კონკრეტული ადამიანების ჯგუფს, რომლებიც პარლამენტს წვავდნენ, რომლებმაც პოლიციელს მხედველობა დაუზიანეს. ავიღოთ გრიგორიადისის საქმე. ევროკავშირი აფინანსებდა “მოლოტოვის კოქტეილის” ხელშეწყობის საქმეს. ეს აჩვენებს, რომ ეს არის ღირებულებითი კრიზისი ზოგიერთ ევროპულ ხელისუფლებასა თუ პოლიტიკურ ჯგუფში. როდესაც გვესაუბრებიან ევროპულ ღირებულებებზე, კონკრეტულად არასდროს არაფერს ამბობენ რა ღირებულებებს გულისხმობენ?! “მოლოტოვის კოქტეილია” ღირებულება?! მონას ძახილია ღირებულება?!” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE”.