ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად ვთვლით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ისაუბრა პასუხად კითხვაზე: „თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აზრი არ აქვს, თუ საქართველომ საკუთარი ღირებულებები უნდა მიატოვოს. მაინტერესებს, კონკრეტულად რა ღირებულებებზეა საუბარი და როგორ ემუქრება მათ ევროკავშირი?“
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ „ძლიერ პრეტენდენტებს შორის ლიდერები ვართ, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის ყველა მოთხოვნას ასრულებს“.
„ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად ვთვლით. ყოველთვის ვიყავით პატარა ერი და ჩვენს გარემოცვაში გადარჩენისთვის ბრძოლა ჩვენთვის ფუნდამენტური იყო. ევროპის ნაწილად ყოფნის ძლიერი, ბუნებრივი სურვილი გვაქვს. 2012 წლის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ძლიერ პრეტენდენტებს შორის ლიდერები ვართ, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის ყველა მოთხოვნას ასრულებს. თუმცა, ჩვენი არსებობისთვის მუდმივი ბრძოლის გამო, თუ რომელიმე გაერთიანება შეეცდება ჩვენი იდენტობის წართმევას, რა თქმა უნდა, ამას არ დავთანხმდებით. მინდა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სამართლიანად წარიმართოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რომ „პროცესი გაწყვეტილია, დაბლოკილია როგორც ბრიუსელის, ასევე თბილისის მხრიდან და რა არის სიტუაციის მოსაგვარებლად შესაძლო გამოსავალი?“, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ უსამართლო მოპყრობას იღებს.
„პირველ რიგში, ბრიუსელი იკვლევს, რომელი ქვეყანა აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რომელი არა. მეორე, არსებობს ეგრეთ წოდებული შიდა საკითხები, რომლებიც თითოეული კანდიდატი ქვეყნის საქმეა. საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ უსამართლო მოპყრობას იღებს. ეს მიდგომა არ ეხება ჩვენს გაწევრიანებას, არამედ სხვა, ჩვენს საკუთარ საკითხებს. და რადგან საქართველო კანდიდატია, ეს ფაქტი გამოიყენება მასზე ზეწოლისთვის. როდესაც ომი [უკრაინაში] დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენ წინააღმდეგ ზეწოლა ევროპული და ამერიკული სტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან. მოითხოვეს, რომ საქართველოც ჩართულიყო ომში. მოთხოვნა თავდაპირველად კულისებში გაკეთდა. ჩვენ უარი ვთქვით და აქ პროცესების პროვოცირება დაიწყეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.