საქართველოში თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, თავისი უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურები, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის შედეგებს, რის მიხედვითაც საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულიია.
როგორც ის აღნიშნავს, როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არა მხოლოდ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაციები ბოლშევიკებზე და რატომ არის გასაკვირი, რომ ასეთ დროს ევროსკეპტიციზმი უფრო გაუძლიერდებათ და არა ევროოპტიმიზმი.
„დღეს გამოქვეყნებულმა „ევრობარომეტრის“ სულ ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირისადმი ნდობა განუხრელად იკლებს. აღმოჩნდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროკავშირს ენდობოდა გამოკითხულ მოქალაქეთა 66%, 2024 შემოდგომაზე – 58%, ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე, ანუ დღეისათვის, გამოკითხულთა მხოლოდ 49% ენდობა ევროკავშირს. ანუ გასული ერთი წლის განმავლობაში ეს ნდობა 17%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ „ევრობარომეტრის“ კვლევას ყველა მხარე ენდობა და ეს შედეგები ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია. ამიტომ მთავარი ყურადღება გადავიდა ევროკავშირისადმი ჩვენი მოქალაქეების ნდობის ასეთი კატასტროფული ტემპით შემცირების მიზეზებზე.
ოპოზიციამ ეს მაშინვე დააბრალა „პრორუსულ“ ხელისუფლებას, რომელიც, მათი აზრით, მიზანმიმართულად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. ჩვენ არ შევალთ პოლემიკაში ამ პოზიციის ავტორებთან, ჩვენ, მხოლოდ „ევროკრიზისის“ ჩვენეულ ხედვას შემოგთავაზებთ, მანამდე კი უბრალოდ ვიტყვით: მხოლოდ პროპაგანდა რომ იყოს მოსახლეობის განწყობების ჩამოყალიბებისა თუ ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელი, ვინაიდან პროპაგანდისტული საშუალებების 70-80% დღეს ოპოზიციურ ტელე-რადიო-ინტერნეტ მედიას აქვს დაპყრობილი, ამომრჩეველთა დაახლოებით ამდენივე პროცენტი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას გადაყვანილი თავის მხარეს.
სინამდვილეში საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაძლიერების მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პოლიტიკური განვითარების დონით გაცილებით უსწრებს პოლიტიკურ კლასს. ხალხი აფასებს, აანალიზებს იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და არა იმას, რასაც პარტიული ტელევიზიები თავში უტენიან. ისინი ხედავენ, რომ ყველა ობიექტური, არაპოლიტიზირებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველო არის მოწინავეთა რიგებში და უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასაც, ამის პარალელურად კი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები ლამის ყოველდღიურად „აცხობენ“ სხვადასხვა რეზოლუციებს, სადაც საქართველოზე მიზანმიმართული ტყუილები წერია.
ჯერ იყო და ყველაზე გვიან მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაშინ, როცა ყველა პარამეტრით ვუსწრებდით სხვებს, მერე ძალისმიერი მეთოდებით სცადეს ხელისუფლების დამხობაში დახმარებოდნენ მათთვის სასურველ შიდა ძალებს და როდესაც სახელმწიფომ თავის დაიცვა, ეს დიქტატურად, სასტიკ ძალადობად და პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ჩვენი მოქლაქეები კი აშკარად ხედავენ და აფასებენ, რომ არეულობების აღკვეთისას გამოვლენილ გაცილებით მეტ სისატიკეს თავიანთ ქვეყნებში ისინი „წესრიგის და კანონიერების“ დაცვად აფასებენ.
ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ თითქმის ყველა ცნობადი ოპოზიციური პირის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირის სტრუქტურები ერთხმად გაჰკივიან პოლიტიკურ დევნაზე და უსამართლო სასამართლოზე, ხოლო როცა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა არაპოლიტიზირებულ სასამართლომდე მიდის, იქიდან ყველა შემთხვევაში მოდის არა მომჩივანის, არამედ საქართველოს ხელისუფლების გამამართლებელი გადაწყვეტილებები.
ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, პრორუსული კურსი აიღო და ანტიდემოკრატიული რეჟიმი დაამყარა, თუმცა, ეს მოქალაქეები ხედავენ, რომ არც არჩევნები გაყალბებულა ტოტალურად (300-400 ათასი ხმით!), არც საგარეო კურსი შეცვლილა (რუსეთის ლანძღვა-გინებაზე უარს გონიერი ხალხი „რუსეთუმეობად“ არ აღიქვამს) და ვერც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს „დემოკრატიის უკუსვლას“ . ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ეს „უკუსვლა“ განსაკუთრებით იგრძნობა სააკაშვილის მმართველობის ხანასთან შედარებით, როდესაც საქართველო იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოქალაქეს კი საკუთარ ტყავზე აქვს გადატანილი ეს ყველაფერი და არ სჯერა იმ სტრუქტურების, რომლებისთვისაც ის 9-წლიანი პერიოდია სანიმუშო და მისაბაძი.
თუ ჩვენს ოპოზიციას დავუჯერებთ, 5 და 10 წლის წინ რომ ევროოპტიმისტები ჩვენი მოსახლეობის 80% იყო, დღეს იმიტომ გახდა ბევრი ევროსკეპტიკოსი და მათი ოდენობა იმიტომ ჩამოცდა 50%-ს, რომ თურმე ოცნების ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ჩვენ საკმაოდ მაღალი წარმოდგენის ვართ ქართველ ხალხზე და მიგვაჩნია, რომ მათი უმრავლესობა საკუთარ დასკვნებს აკეთებს, განწყობებს იქმნის და მსჯელობს არა ტვინის გამორეცხვაზე ორიენტირებული პროპაგანდით, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე და გარემოზე დაკვირვებით.
როდესაც ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, თქვენი ხმა არაფერს წარმოადგენს, საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ის რამდენიმე ასეული თუ ათასეული მოქალაქეა, რომელიც თქვენს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და პრო-რუსულად მიიჩნევსო, ამის შემდეგ მოქალაქეებში ევროსკეპტიციზმის გაძლიერება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირდაპირ უთითებენ, თქვენი ხელისუფლება ჩვენი მოწონებული და დანიშნული უნდა იყოს და არა თქვენიო.
როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არა მხოლოდ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაციები ბოლშევიკებზე და რატომ არის გასაკვირი, რომ ასეთ დროს ევროსკეპტიციზმი უფრო გაუძლიერდებათ და არა ევროოპტიმიზმი.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად აცხადებს ლიბერალების მახინჯ ზრახვებზე, აუქმებს მათ ფონდებს და ამხელს მათ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, როდესაც სააშკარაოზე გამოდის ევროსტრუქტუებში არსებული კორუფციის მასშტაბები, როდესაც მიმდინარეობს გარყვნილი ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადება, ათეიზმის პროპაგანდა და ბოლოს, საქმე იქამდეც მიდის, რომ სწორედ ევროპის ქვეყნებში იზღუდება ლიბერალული ნორმებისთვის მიუღებელი ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე საქართველოს მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ევროპა აღარ მიაჩნია „ედემის ბაღად“, ხოლო მის გარეთ არსებული სივრცე – ჯუნგლებად (როგორც ამას ჯოზეფ ბორელი აცხადებდა).
მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთი დიდი ისტორიისა და მაღალი კულტურის მქონე სახელმწიფოს მოქალაქეებზე, როგორიც საქართველოა.
ასე რომ, საქართველოში თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, თავისი უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ევროკავშირის ზემოთ დასახელებული სტრუქტურები, მათგან მართული ენჯეოები და მათი დასმული ოპოზიცია, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში“, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობის კლების მიზეზები
დღეს გამოქვეყნებულმა „ევრობარომეტრის“ სულ ბოლო გამოკითხვის…
Posted by Nana Kakabadze on Wednesday, June 4, 2025