მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა ასეთი სახის დარღვევის შემთხვევაში 400 ლარს შეადგენს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით, 705 საბავშვო ბაღი შემოწმდა.
ამას გარდა, სეს-ი მიმდინარე წლის აპრილში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლის შედეგებსაც აქვეყნებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 676 ინსპექტირება, მათ შორის თბილისში ინსპექტირებულია 209 ბიზნესოპერატორი.
სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 167 ნიმუში.
დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი (111 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 141 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 13 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს, 2 მარკეტს, საზოგადოებრივი კვების 5 ობიექტსა და ცხოველთა 1 სასაკლაოს.
მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოს სპეციალისტებმა სულ 3867 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.