სამხრეთ კორეის დედაქალაქში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მიიღო მონაწილეობა, გამოფენის ფარგლებში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.
Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.
„საქართველო ნამდვილად გამორჩეულია ბუნებით, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხი ძალიან თბილი და კეთილია, ამ მხრივ კორეელ ხალხს ჰგვანან ქართველები. როდესაც კორეელები მოგზაურობენ, მათთვის მნიშვნელოვანია ხალხი და ბუნება. კორეელებს უყვართ ლაშქრობა, მთებში მოგზაურობა და ვფიქრობ საქართველოს შესახებ კორეაში უფრო მეტი რეკლამა უნდა მომზადდეს“-ამბობს ღონისძიების მონაწილე EBS TV-ის პროდიუსერი იანგ ჰაე იონგი.
„საქართველოში კორეიდან ტურისტები ჩამომყავს, მათ ძალიან მოსწონთ ბუნება, კერძები. მე მათ ვაცნობ ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს. განსაკუთრებით მომწონს ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელიც გამორჩეულია გემოთი და განსხვავებულია ევროპული ღვინისგან. ძალიან ბევრ კორეელს მოსწონს ქართული ღვინო. ჩემი კლიენტების უმრავლესობას საქართველოში უფრო დიდი ხნით სურს მოგზაურობა“-განაცხადა ტურისტული კომპანია Korea Guide Tour-ის წარმომადგენელმა ჰანიფემ.