16-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული ინგლისური ჯგუფი Oasis სცენაზე დაბრუნდა. პირველი კონცერტი კარდიფში გაიმართა. ძმები ლიამ და ნოელ გალაჰერები სცენაზე ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ და კონცერტის დროს ერთმანეთთან არ უჩხუბიათ, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე.
მათ ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს, სიმღერა Live Forever კი „ლივერპულის“ ტრაგიკულად დაღუპულ ფეხბურთელ დიოგუ ჟოტას მიუძღვნეს.
მსოფლიო ტურნეს Oasis Live ’25 ფარგლებში ჯგუფი 41 კონცერტს გამართავს.
Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს ჩამოყალიბდა და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომერციულად წარმატებული ჯგუფი გახდა. ბენდი ბრიტ-პოპის „დიდ ოთხეულში“ შედის. 2009 წელს ნოელ გალაჰერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ლიამთან ერთ სცენაზე ყოფნა აღარ შეუძლია. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძმებს შორის მორიგი კონფლიქტის შემდეგ იყო მიღებული.
სცენაზე დაბრუნების შესახებ გალაჰერებმა გასული წლის აგვისტოში განაცხადეს.