პირველი სამედიცინო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია, შოკის ხარისხი შემცირებულია.
„პაციენტი დღეს დილით შემოიყვანეს. დაახლოებით, 7-ის ნახევარზე. სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. მდგომარეობა შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო, ამ წუთებში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან, შოკის ხარისხი შემცირებულია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, – თქვა რატიანმა.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. შსს-ს ცნობით, ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.