სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.
„მიხვდნენ, რომ არ მოეკითხებათ არაფერზე. გინდა სამშობლოს უღალატე, გინდა არეულობის მოწყობისთვის ფული აიღე და დახარჯე, გინდა პოლიციელს ესროლე, ქვა ჩაარტყი, ხელი გაარტყი. იფიქრეს, რომ ყველაფერი შეიძლება და ამის გამო მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. ის ყველაფერი, რაც გაბედეს გამოიწვია ამ დაუსჯელობის სინდრომმა.
ახლა უკვე იმ დონეზე მივიდა სიტუაცია, რომ აუცილებელი გახდა სახელმწიფო ღალატის წინააღმდეგ კანონი, ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ კანონი, გამჭვირვალობის კანონი. ყველანაირი საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, პატრიოტმა, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოსგანაც იგრძნოს დაცვა, რომ შენ როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაიცავ არ დარჩები გავეშებული ბრბოს პირისპირ ყოველგვარი საკანონმდებლო ბაზის თუ იმის უფლების გარეშე, რომ შენ საკადრისი პასუხი გასცე“, – აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.