სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.
„ჩვენ უარს ვამბობთ, სანქციების მე-18 პაკეტს უპირობოდ დავუჭიროთ მხარი. ჩვენი მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი შეშფოთების მოგვარებაზე, რაც დაკავშირებულია გაზის ფასებთან, მიწოდების უსაფრთხოებასთან და იმ ზარალის კომპენსაციასთან, რომელსაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით მივიღებთ 2028 წლის 1-ლი იანვრიდან“, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ევროკომისიასთან სადავო საკითხები ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
„გუშინ ჩვენს ელჩს ბრიუსელში კვლავ დაევალა, არ დაეჭირა მხარი სანქციების მე-18 პაკეტისთვის“, – დასძინა მან.