ჩვენ არ გადაგვიხვევია ევროპული პრინციპებიდან. ისინი არ იცავენ წესებს და ცდილობენ თავს არასამართლიანი პირობები მოგვახვიონ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ.
მისი თქმით, დღეს ვხედავთ მოგონილ, რეალობას მოწყვეტილ წესებს, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული და თუ ბრიუსელში ვერ გაანალიზებენ, რომ ასეთი მიდგომა დამაზიანებელია პარტნიორობისთვის, „არ მგონია, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები გვქონდეს ამ მიმართულებით“.
„თუ ევროკავშირის დღევანდელმა ბიუროკრატიამ აღიარა, რომ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, უფრო ქმედით ნაბიჯებში გადაიზრდება ეს ყველაფერი და უფრო წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც სამართლიანი შენიშვნის მოსასმენად, რჩევის მოსასმენად. უბრალოდ დღეს რაც ხდება, სცილდება ყველაფერ პარტნიორულს, მეგობრულს და, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია ამ პროცესში მონაწილეობის მოტივაცია“, – აღნიშნა ხელაძემ.