ოთხშაბათს, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის – „პოლონური რადიოს“ – ვაშინგტონის კორესპონდენტს, მარეკ ვალკუსკის „თავს დაესხა“და მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი დაჟინებით ჩაეკითხა, თუ რატომ არ მიიღო ზომები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, უთხრა, რომ „ახალი სამსახური ეპოვა“.
აშშ-ის საინფორმაციო გამოცემა The Hill-ის ცნობით, ვალკუსკიმ იკითხა, თუ რატომ ხდებოდა, რომ პუტინის მიმართ უკმაყოფილების გამოთქმის მიუხედავად, ტრამპი მის წინააღმდეგ პირდაპირ ზომებს არ იღებდა. ამ კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ინდოეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვებზე დაწესებული ტარიფები მისი მოქმედების მტკიცებულება იყო.
„საიდან იცით, რომ არანაირი ქმედება არ ყოფილა? თქვენ ამბობთ, რომ ინდოეთზე – ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდ შემსყიდველზე – მეორადი სანქციების დაწესება ქმედება არ არის? რუსეთს ეს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამაზე ამბობთ, რომ ქმედება არ არის … როდესაც აღნიშნავთ, რომ არანაირი ქმედება არ ყოფილა, ვფიქრობ, ახალი სამსახური უნდა იპოვოთ“, – მიმართა ტრამპმა პოლონელ ჟურნალისტს.
მოგვიანებით, ვალკუსკიმ The Hill-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის რჩევას აფასებს, მაგრამ თავის აზრზე რჩება.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან პასუხი მივიღე, რომელიც გაშუქებას იმსახურებს და ეს ჩემი, როგორც ჟურნალისტის, მოვალეობაა. ასევე მადლობელი ვარ მისი რჩევისთვის“, – აღნიშნა მან.
ვალკუსკის, რომელიც თეთრი სახლის პრეს-კორპუსის დიდი ხნის წევრი და თეთრი სახლის უცხოური პრესის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელია, ტრამპთან დაპირისპირება ადრეც ჰქონია.
თებერვალში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, მან ტრამპს სთხოვა, განემარტა პოლონეთში გავრცელებული შეხედულებები იმის თაობაზე, რომ ის ზედმეტად დაუახლოვდა პუტინს.
ამ მიმართვამ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და ზელენსკის შორის დაპირისპირება გამოიწვია, რა დროსაც ამერიკელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს ხმაურით გააწყვეტინეს საუბარი, როდესაც მან მოსკოვთან დიპლომატიის პერსპექტივა უარყო.
