ორშაბათს, 8 სექტემბერს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ღაზის განადგურებით დაიმუქრა, თუ „ჰამასი“ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს და არ დანებდება.
ეს „საბოლოო გაფრთხილება“ იმ დროს გაისმა, როდესაც ისრაელი ანკლავის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის ასაღებად ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებს, რაც ათასობით პალესტინელის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„დღეს ძლიერი ქარიშხალი ღაზის ცას დაატყდება და ტერორისტების კოშკების სახურავები შეირყევა“, – დაწერა კაცმა სოციალურ ქსელ X-ზე.
„ეს არის საბოლოო გაფრთხილება ღაზასა და საზღვარგარეთის ფეშენებელურ სასტუმროებში მყოფი „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეებისთვის: გაათავისუფლეთ მძევლები და დაყარეთ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზა განადგურდება, თქვენ კი გაგაანადგურებენ“.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციებს გეგმის მიხედვით აგრძელებენ და მანევრების გასაფართოებლად ემზადებიან, რათა ღაზას გადამწყვეტი დარტყმა მიაყენონ“.
ბოლო დღეებში ისრაელის არმია ღაზაში ცათამბჯენებს უტევს, რომლებსაც, მისი მტკიცებით, „ჰამასი“ იყენებს. ამ თავდასხმებს ისრაელის ხელისუფლება განმარტავს, როგორც მცდელობას, აიძულოს სამოქალაქო პირები, რომ ქალაქი მის აღებამდე დატოვონ.
კვირას ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ღაზაში მდებარე ერთ-ერთი შენობიდან და მის გარშემო არსებული კარვებიდან ხალხის ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა. ეს იყო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის ამ ტერიტორიების დატოვების თაობაზე გაცემული უკვე მეორე გაფრთხილება 24 საათზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში.
იმავე დღეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის.
„მოხარულები ვიქნებით, თუ ამ მიზანს პოლიტიკური გზით მივაღწევთ“, – განაცხადა მან იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ბასემ ნაიმმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება არ განიარაღდება, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა მძევალს გაათავისუფლებს, თუ ისრაელი შეტევას შეწყვეტს და ღაზიდან ყველა თავის ძალას გაიყვანს.
ამ დრომდე, ისრაელის შეტევას 64 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ბოევიკების მიერ განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც 1 200 ადამიანი დაიღუპა, 251 კი მძევლად აიყვანეს.