ჩერნივცელი ჯარისკაცი, იური ფოტიკოვი რუსულ ტყვეობაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივ შიმშილში ცხოვრობდა. ის დღიურად, როგორც წესი, 400 გრამ პურს, რამდენიმე კოვზ ფაფას და თევზის ნაჭერს იღებდა. საკვების უკმარისობის გამო, პატიმრები ცდილობდნენ, ამაზე არ ელაპარაკათ, რათა ფსიქოლოგიურად არ გატეხილიყვნენ.
ამის შესახებ იური ფოტიკოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (суспільне україне) ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეში 400 გრამ პურს გვაძლევდნენ – სულ სამ ნაჭერს. ასევე სხვადასხვა ბურღულეულს: ბრინჯს და წიწიბურას ქერქს წყლით. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მხოლოდ წყალი იყო. ჩვენ ვითვლიდით კიდეც – დღეში მისგან, მაქსიმუმ, სამი ან ოთხი კოვზი ფაფა გამოდიოდა“, – ამბობს იური.
„ზოგიერთს შეეძლო ამის ატანა, ზოგს კი – არა. ზოგი თევზის ძვლებს და ქაღალდსაც კი ჭამდა. პატიმრები გამხმარ ორცხობილას და ულუფებს ერთმანეთს უზიარებდნენ. მაგრამ ხანდახან ამის გამო სჯიდნენ, რადგან ეს აკრძალული იყო. ასე ვახერხებდით გადარჩენას“.
საკნებში, სადაც იური იყო, პატიმრები შეთანხმდნენ, რომ საკვებზე არ ელაპარაკათ, რათა შიმშილის გრძნობა არ გაზრდილიყო. ზოგჯერ ფაფის ერთ კოვზს 12 ადამიანი იყოფდა.
„ჩვენ კბილის პასტის ტუბებით ან კბილის ჯაგრისებით ვჭამდით, რომ საკვები კუჭში მოხვედრილიყო. გარდა ამისა, კვების დრო მკაცრად იყო შეზღუდული“.
იური ტყვეობიდან 2025 წლის ივნისში გაათავისუფლეს. მისი თქმით, ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ, მისი პირველი კერძი იყო წიწიბურის მსუბუქი სუპი, კარტოფილი და თევზის კატლეტი.
„თავდაპირველად დიეტურ საკვებს მცირე ულუფებით გვაძლევდნენ. ვგრძნობდი, რომ მას უკვე სულ სხვა გემო ჰქონდა, რადგან სახლში დამზადებული, მშობლიური იყო“, – ამბობს ტყვეობიდან გათავისუფლებული ჩერნივცელი ჯარისკაცი.