ეს ამბავი შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. 22 აგვისტოს, უკრაინელი ლტოლვილი ქალი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, ტრამვაიში, დანით მოკლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში, მათ შორის X-ზე, ფართოდ გავრცელდა, ჩანს ეჭვმიტანილი, რომელიც ირინა ზარუცკას უკან ზის. რამდენიმე წუთის შემდეგ, ის უკრაინელ ლტოლვილს, ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე, ყელის არეში რამდენჯერმე ურტყამს დანას.
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, სანამ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან დედასთან და და-ძმებთან ერთად გაიქცეოდა, ახალგაზრდა ქალი ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში ცხოვრობდა. მან კიევის კოლეჯი „სინერგია“ ხელოვნებისა და რესტავრაციის განხრით დაამთავრა.
ზარუცკას ახლობლებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი პიცერიაში მუშაობდა და ვეტერინარის ასისტენტობაზე ოცნებობდა. ტრაგედიის საღამოს, ქალი, რომელიც „შეერთებულ შტატებში სიმშვიდის და უსაფრთხოების საპოვნელად“ ჩამოვიდა, ტრამვაიში ჩაჯდა, ყურსასმენები გაიკეთა და ტელეფონი მოიმარჯვა. მისი ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ხაზგასმულია, რომ ახალგაზრდა ქალი, თავისი „კაშკაშა ღიმილით“, „ღრმა სიცარიელეს ტოვებს, მაგრამ მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მათ გულებში, ვისაც ის უყვარდა“.
ეჭვმიტანილი, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება
ეჭვმიტანილი, დეკარლოს ბრაუნ უმცროსო 34 წლის აფროამერიკელია, რომელსაც არაერთი ნასამართლობა აქვს, მათ შორის – ხუთწლიანი პატიმრობა შეიარაღებული ძარცვისთვის. სასჯელის მოხდის შემდეგ, იგი ციხიდან 2020 წელს გაათავისუფლეს. მას შიზოფრენიაც აწუხებს.
ამერიკული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა პოლიციას განუცხადა, რომ სხეულში აქვს „ხელოვნური ნივთიერებები“, რომლებიც „მის ქმედებებს, სხეულის მოძრაობას და სიტყვებს აკონტროლებენ“.
/2025/09/11/063-2234520822-68c26172b6eb0487692925.jpg)
მამაკაცს პირველი სიმძიმის მკვლელობა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიკვდილის გამომწვევი ქმედების ჩადენა ედება ბრალად, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში სიკვდილით დასჯა 2006 წლის შემდეგ არ გამოყენებულა.
ლმობიერებაში დადანაშაულება რასიზმის ფონზე
საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მკვლელობის ამსახველი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაუყოვნებლივ არ გავრცელდა. შარლოტის სატრანსპორტო სამსახურმა კადრები მხოლოდ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა. ქალაქის დემოკრატმა მერმა, ვი ლაილსმა მედიას სთხოვა, „ირინას ოჯახის პატივისცემის ნიშნად“, ვიდეო არ გაევრცელებინათ და დასძინა, რომ მას არ სურს „იმ ადამიანების დემონიზება, რომლებიც გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვიან“.
ირინა ზარუცკაზე საბედისწერო თავდასხმის ვიდეო ახლა საჯაროა. მადლობას ვუხდი ჩვენს მედია-პარტნიორებს და საზოგადოების წევრებს, რომლებიც ირინას ოჯახის მდგომარეობაში შევიდნენ და კადრები არ გაავრცელეს. ეს იყო უაზრო და ტრაგიკული დანაკარგი…
მაგრამ შაბათ-კვირას სოციალურ ქსელებში კადრები მაინც სწრაფად გავრცელდა, რაც რამდენიმე რესპუბლიკელისა და კონსერვატორის, მაგალითად, ელონ მასკის მთავარ განსახილველ თემად იქცა.
„ირინა ზარუცკა ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც ამერიკული ოცნებით ცხოვრობდა. მისი საშინელი მკვლელობა დანაშაულის მიმართ იმ ლმობიერი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უდანაშაულო ადამიანებზე წინ დამნაშავეებს აყენებს“, – ნათქვამია გენერალურმა პროკურორის, პემ ბონდის განცხადებაში. „ჩვენ მოვითხოვთ მაქსიმალურ სასჯელს დანაშაულისთვის, რომლის პატიება შეუძლებელია. ის აღარასოდეს იხილავს მზის სინათლეს, როგორც თავისუფალი ადამიანი. მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, დეკარლოს ბრაუნ უმცროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფედერალურ დონეზე აწარმოონ“, – დაჰპირდა ის საზოგადოებას X პლატფორმაზე.
სხვები, ძირითადად, მემარჯვენეებიდან, მედიასაშუალებებს ირინა ზარუცკას მკვლელობის განზრახ წაყროებაში ადანაშაულებენ, რადგან დაზარალებული თეთრკანიანია, სავარაუდო დამნაშავე კი – შავკანიანი. „თუ თეთრკანიანი კარგ, პატიოსან შავკანიან ადამიანს დანას უმიზეზოდ დაარტყამდა, ეს ეროვნულ მასშტაბით უზარმაზარი ამბავი იქნებოდა, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების დასაძალებლად გამოიყენებდნენ“, – ეს კომენტარი კი ძალიან პოპულარულმა კონსერვატორმა პოდკასტერმა, ჩარლი კირკმა გააკეთა, რომელიც ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, იუტას უნივერსიტეტის კამპუსში საჯარო შეხვედრის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს
დონალდ ტრამპმა და მისი მოძრაობა „მეგას“სხვა წევრებმა ეს ტრაგიკული ამბავი იმისთვის გამოიყენეს, რომ დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში, მათ შორის შარლოტში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა გაეკრიტიკებინათ.
„ცხოველი, რომელმაც ასე სასტიკად მოკლა ულამაზესი ახალგაზრდა უკრაინელი გოგონა, რომელიც ამერიკაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების საძიებლად ჩამოვიდა, სწრაფად უნდა გასამართლდეს (ამაში ეჭვი არ მეპარება!) და სიკვდილით დასჯა მიესაჯოს “, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ზარუცკას ტრაგედიამ კვლავ განაახლა დებატები ამერიკის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების შესახებ, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი „საშიშად“ მიჩნეულ ქალაქებში ეროვნული გვარდიის გაგზავნას უჭერს მხარს. თუმცა, „ასოშიეითიდ პრესის“ მიერ გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ძალადობრივი დანაშაული შემცირდა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში, განსაკუთრებით კი – შარლოტში.