აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) სატელიტურმა სურათებმა ალასკაზე (აშშ) ახალი კუნძული გამოავლინა, რომელიც ძველი მყინვარის დნობის შემდეგ გაჩნდა. დნობამ იზოლაციაში მოაქცია პატარა მთა, რომელიც ოდესღაც მატერიკის ნაწილი იყო.
კუნძული მდებარეობს ალსეკის ტბაზე, სადაც ალსეკის მყინვარი სტაბილურად დნება და ტერიტორიას გამდნარი წყლით ფარავს. „1984 წლის 5 ივლისს და 2025 წლის 6 აგვისტოს „ლანდსატის“ მიერ გადაღებული ორი სურათი ამ ტრანსფორმაციის შთამბეჭდავ დეტალებს წარმოაჩენს“, – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
ალსეკის მყინვარი, ოდესღაც, გარს ეკრა პატარა მთას, რომელიც „პროუ ნობის“ სახელითაა ცნობილი. მყინვარის ორივე „მკლავმა“, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, 5 კმ-ზე მეტით დაიხია უკან, რის შედეგადაც მათ ადგილას მყინვარული ტბა წარმოიქმნა. უახლესი სურათები ადასტურებს, რომ მყინვარი უკვე მთლიანად მოწყდა „პროუ ნობს“, რომელიც წყლითაა გარშემორტყმული და ახლა, უკვე ოფიციალურად, კუნძულად მიიჩნევა.
მეცნიერები ალსეკის მყინვარს ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა, რომ მყინვარი „გეითვეი ნობთან“ მთავრდებოდა, რომელიც „პროუ ნობიდან“ დაახლოებით 5 კმ-ით დასავლეთით, დღევანდელი ალსეკის ტბის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მას შემდეგ, მყინვარმა სტაბილური უკანდახევა განაგრძო და სატელიტური მონაცემები მის ტრანსფორმაციას აფიქსირებს.

მყინვარის უკანდახევამ ტბის უზარმაზარი გაფართოება გამოიწვია. თუ ალსეკის ტბის ფართობი 1984 წელს 45 კვადრატული კილომეტრი იყო, დღეს ის დაახლოებით 75 კვადრატულ კილომეტრამდე არის გაზრდილი. მის ზრდას არა მხოლოდ ალსეკის მყინვარის, არამედ ახლომდებარე მყინვარული ტბების, ჰარლეკინისა და გრანდ პლატოს დნობაც განაპირობებს. ალსეკის მყინვარი გრანდ პლატოს მყინვარის ჩრდილოეთ მკლავთან, ფაქტობრივად, დაახლოებით 1999 წლამდე იყო დაკავშირებული, სანამ ორივე ყინულის მასამ უფრო მეტად არ დაიხია უკან და ალსეკის ტბის დიდი განშტოება არ შექმნა, რაც გვიანდელ სატელიტურ სურათებში კარგად ჩანს.
ახლადშექმნილი კუნძულის ფართობი დაახლოებით 5 კვადრატული კილომეტრია. მეცნიერები, სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ის 2025 წლის 13 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში წარმოიქმნა. „პროუ ნობის“ გამოყოფის შემდეგ, ახლა მყინვარი ნაკლებად სტაბილურია და მოწყვეტისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი, როდესაც ყინულის დიდი ნაჭრები ტყდება და ტბაში ცვივა“, – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
ამ კუნძულის წარმოშობა ადასტურებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაზე მყინვარების უკანდახევის დაჩქარებულ ტემპს და მის უნარს, ათწლეულების განმავლობაში ლანდშაფტი შეცვალოს. გაფართოებული ტბები, არასტაბილური ყინულის ფრონტები და ახლად გამოჩენილი ნიადაგი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, მკვლევრები კი გვაფრთხილებენ, რომ დათბობის პირობებში ყინულის საფარის დნობის გაგრძელებამ შეიძლება რეგიონის ჰიდროლოგია და ეკოსისტემები შეცვალოს.