გასულ კვირას CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში, იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა ახალი დეტალები გაასაჯაროვა იმ შეიარაღებული პირის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, კონსერვატორი ინფლუენსერი ჩარლი კირკი მოკლა. მაშინ, როდესაც ხელისუფლება 31 წლის ჩარლი კირკის მკვლელობას ჯერ კიდევ იძიებს, გუბერნატორი განმარტავს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი ურთიერთობაში იყო პირთან, რომელიც კაციდან ქალად ტრანზიციის პროცესშია.
ჩარლი კირკი ლგბტ და ტრანსგენდერი პირების კრიტიკით იყო ცნობილი. იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ის იმ განცხადების გაკეთების შემდეგ მოკლეს, რომელშიც აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში „ძალიან ბევრი“ მკვლელობა ტრანსგენდერების მიერ არის ჩადენილი. თუმცა, ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ძალადობის საკითხებზე მომუშავე ასოციაციები ასეთი კავშირს არ ადასტურებენ.
გუბერნატორმა კოქსმა CNN-თან აღნიშნა, რომ მკვლელობის გამომძიებელი უწყებების ინფორმაციით, რობინსონის პარტნიორი, რომელთანაც ის ცხოვრობდა, გენდერული ტრანზიციის ფაზაშია, თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ამიტომ, მეტი ინფორმაციის მოპოვებას და დეტალების გარკვევას გამომძიებლები მეგობრებისა და ოჯახის წევრების მეშვეობით ცდილობენ.
გუბერნატორმა ასევე გაამხილა, რომ ტაილერ რობინსონი კონსერვატიული ფასეულობების მქონე ოჯახიდანაა, მაგრამ მისი პოლიტიკური იდეოლოგია საპირისპიროა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირი [რობინსონის კომპანიონი] ხელისუფლებასთან ძალიან კარგად თანამშრომლობს და მომხდარის გამო შოკში“, – განაცხადა კოქსმა. „რაც შეეხება მიზეზს… ჩვენ სხვადასხვა დასკვნამდე მივდივართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მისნაირი ადამიანი რადიკალი გახდეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც უნდა დავსვათ და რომლებზეც პასუხი უნდა გავცეთ“, – განაგრძო მან.
ამასთან, კოქსმა განმარტა, რომ რობინსონის პარტნიორის გენდერული ტრანზიციის ფაქტი ხელისუფლებას კირკის მკვლელობასთან არ დაუკავშირებია და გაურკვეველია, შეიძლება თუ არა ეს იყოს კონსერვატორი ინფლუენსერის მოკვლის მთავარი მიზეზი.
რობინსონის დაკავების შესახებ პირველად გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, მანამდე კი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი დღის განმავლობაში იმალებოდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ჩანაწერები აჩვენებს, რომ რობინსონის ორივე მშობელი რესპუბლიკელია, რომლებმაც 2024 წელს ხმა დონალდ ტრამპს მისცეს. თუმცა, თავად რობინსონის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
იუტას გუბერნატორმა განაცხადა, რომ გამოძიების მიხედვით, რობინსონი ხშირად სტუმრობდა ე. წ „ბნელ ქსელთან“ („დარქნეტი“) დაკავშირებულ საიტებს და მჭიდროდ იყო დაკავშირებული „მემარცხენე იდეოლოგიასთან“. კოქსი ვარაუდობს, რომ რობინსონს ბრალს ოფიციალურად ამ სამშაბათს წაუყენებენ. გუბერნატორის თქმით, ხელისუფლება კვლავ ეძებს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მიერ დატოვებულ წერილს, მისი განზრახვების უკეთ გასაგებად.