მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც სამხედრო ობიექტების შესახებ უკანონო ინფორმაციის მიზანმიმართულად შეგროვებასა და ამ ინფორმაციის რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ლატვიის მოქალაქემ რუსეთის დაზვერვას მიაწოდა ინფორმაცია ლატვიის რამდენიმე სამხედრო ობიექტის ადგილმდებარეობის, გეგმარებისა და უსაფრთხოების სისტემების შესახებ.
დაკავებულმა რუსეთის დაზვერვას ასევე გადასცა ინფორმაცია ახალი სამხედრო ობიექტების მშენებლობის, ჯარისკაცების წვრთნისა და ლატვიის კონკრეტულ სამხედრო ობიექტებზე ნატო-ს ჯარისკაცების ყოფნის თაობაზე.
დაკავებულმა მამაკაცმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ასევე მიაწოდა სხვა ინფორმაციაც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ლატვიისა და ბალტიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებასა და გადაცემას გულისხმობს.
რიგასა და მის შემოგარენში, ამ პირთან დაკავშირებულ ოთხ ობიექტზე, საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. ამჟამად უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკისას ამოღებული მედიამატარებლებისა და დოკუმენტების შინაარსის სიღრმისეულ შესწავლას აწარმოებს.
ეჭვმიტანილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.